დავით ბაქრაძე – როდესაც უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შს მინისტრი ნორმალურად შემოიყვანოს და მოსმენა უზრუნველყოს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს და ქვეყანას უმართაობა, არეულობა ემუქრება

როდესაც უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შს მინისტრი ნორმალურად შემოიყვანოს და მისი მოსმენა უზრუნველყოს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს და ქვეყანას უმართაობა და არეულობა ემუქრება, – აღნიშნული შეფასება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა, დამნაშავეთა დასჯა, ამით ვითარების დამშვიდება და შედარებით ნორმალიზებული ვითარებით შემოდგომის არჩევნებამდე მისვლა.

“დიდი ხანია პარლამენტის წევრი ვარ. პარლამენტის სხდომათა დარბაზს ახსოვს უფრო მძიმე დაპირისპირებები, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებები. გვინახავს უფრო მძაფრი პროტესტები, მაგრამ სხდომები გრძელდებოდა. ის რაც დღეს მოხდა, შემდეგს ნიშნავს – იმდენად არის ხელისუფლება დემორალიზებული და მორალურად ჩამოშლილი, რომ არ შეუძლიათ ჟურნალისტების აბსოლუტურად მშვიდობიანი, ბანერით გამოხატული პროტესტის ატანაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვართ. ერთი პრობლემა, რაც დაუსჯელი ძალადობის პრობლემა იყო, გადაზრდილია მეორე, ბევრად უფრო მწვავე პრობლემაში – ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ