სალომე სამადაშვილი – შარლ მიშელთან ვისაუბრებთ, რა მექანიზმებით შეუძლია ევროკავშირს, ხელისუფლებას აიძულოს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ელოდებიან ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ამოწურა ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, რადგან მშვიდობიანი პროტესტის ფონზე გადაწყვიტა, გაეუქმებინა უმნიშვნელოვანესი სხდომა, სადაც საზოგადოება ელოდებოდა შეკითხვებზე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ 5 ივლისს საკუთარი მოქალაქეების დაცვა.

„ცხადია, გვექნება საუბარი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც 5 ივლისის შედეგად შეიქმნა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით. ამისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ დოკუმენტის შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერე მიშელუის თანამონაწილეობით და რომელსაც აქვს მიშელის სახელი.

ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. ჩვენ გვექნება საფუძვლიანი საუბარი, თუ რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს, რათა ხელისუფლებას აიძულოს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ელოდებიან ამ ხელისუფლებისგან ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც. ევროკავშირის დახმარება უპირობა არაა, ის დამოკიდებულია უპირველესად მიშელის შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ამაზე მიშელთან პრინციპული საუბარი გვექნება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.