გრიგოლ ვაშაძე – ეჭვი მეპარება, რომ შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა

არ მგონია და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

​გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელი უკიდურესად შეშფოთებული, გაღიზიანებული და დამწუხრებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

„არ შეიძლება, ჩვენთან ჩამოვიდეს ევროპის კავშირის სამეულის, ოთხეულის წამყვანი პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც მოხდა 5-6 ივლისს საქართველოში და ის კმაყოფილი იყოს, როგორ სრულდება მისი ეგიდით, ინიციატივითა და ძალისხმევით შედგენილი დოკუმენტი ან რა ხდება იმ სავალალო საკითხში, რასაც ქართული დემოკრატია ჰქვია. ყველა ვლაპარაკობთ სამართლიანად, რომ ფეხქვეშ გაითელა პრესის თავისუფლება და ღირსება. 53 ჟურნალისტი ნაცემია ან დამცირებული. ღმერთი გაანათლებს ლექსო ლაშქარავას სულს, რომელიც შეეწირა ამ უბედურებას, მაგრამ კიდევ უფრო სასოწარკვეთილი ვარ, რომ არავინ ლაპარაკობს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე. საქართველოს მოქალაქეებს, არ აქვს მნიშვნელობა, მრავალრიცხოვან თუ მცირერიცხოვან ნაწილს, წაართვეს კონსტიტუციური უფლებები. წაართვეს შეკრების, მშვიდობიანი მსვლელობის, სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. გამოვიდა, რომ ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის და ეს კონსტიტუცია არ ვრცელდება მოქალაქეების მეორე ნაწილზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password