ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს ადამიანის უფლებების ხელყოფა, ტერიტორიების დათმობა, სიცრუე, ღალატი

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენაისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.

გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე.

ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება – საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას.

სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.