ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ, ბევრმა იცის – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი – კახა კალაძე

ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ, ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვის.

„მადლობა 2012 წლის გამარჯვების ყველა შემოქმედს – პოლიტიკოსს თუ მოქალაქეს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ფეხი შემომედგა პოლიტიკურ ველზე და გადამწყვეტ პროცესებში უშუალო მონაწილეობა მიმეღო.

მე ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, ვინც დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას. ჩავდექით ხალხის სამსახურში და თქვენს მხარდამხარ დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა. აქვე, მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში – არა მარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს.

რატომ ვიხსენებ განვლილ წლებს და გიყვებით ამ ყველაფერს? – რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა შემომთავაზა ქალაქის მერად მეყარა კენჭი.

ძალიან ვნერვიულობდი – მქონდა გრანდიოზული სამეურნეო გეგმები და პოლიტიკური ამბიციებიც. აგრეთვე, დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელების, პრინციპში, მთელი ქვეყნის წინაშე. სულ სხვა გამოწვევა იყო მინისტრის პოზიციის მერე, სულ სხვა სირთულე და დიაპაზონი. თბილისი ხომ უდიდესი გამოცდაა და ამავდროულად უდიდესი გამოცდილება.

ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას.

გიყვარდეს ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება, შენი მოგონებები, შენი და შენი ოჯახის მომავალი უკავშირდება – რა თქმა უნდა, ბუნებრივი და მარტივია, მაგრამ, როდესაც ამ ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქში მცხოვრები ადამიანები შენ განდობენ თბილისის აწმყოსა და მომავალს, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა და სხვა ისტორიაა.

ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში. გადაწყვეტილი გვქონდა ათწლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა თბილისში. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული – მომავლის თბილისზე გათვლილი

როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შდეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, – აღნიშნა კალაძემ.