მასწავლებლების დღევანდელ გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი კორონავირუსით დაინფიცირების გამო ვერ გამოცხადდა

კორონავირუსის დადასტურების ან თვითიზოლაციის გამო, მასწავლებლების დღევანდელ გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ, მათთვის დამატებითი სესია მოგვიანებით ჩაინიშნება.

,,პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა მიმდინარეობს დღეს პირველ სესიაზე. მეორე სესიაზე გვეყოლება ის აბიტურიენტები, რომლებმაც კოვიდ 19-ის დიაგნოზით გააცდინეს თავიანთი საგამოცდო სესია.

დაახლოებით 50 აპლიკანტია ისეთი, ვინც ვერ გამოცხადდება დღეს კორონავირუსის დიაგნოზის გამო და მათთვის დაინიშნება დამატებითი სესია.“ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ დამატებითი სესიები ინიშნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ ან დაუდასტურდებათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 მასწავლებლების გამოცდით გრძელდება. დღეს პედაგოგები კომპეტენციას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV ,დაწყებითი საფეხური), მათემატიკაში, (I-IV, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ბუნებისმეტყველებაში (I-IV), გეოგრაფიასა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) და ისტორიაში (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) დაადასტურებენ.