გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე სასტუმროების და საავადმყოფოების მობილიზება კვლავ ხდება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 6 ათასი საწოლია მობილიზებული, ხოლო კოროავირუსით ინფიცირებულ პირებს კიდევ ორი სასტუმრო მოემსახურებათ.

„დღესაც გვიჩვენებს ეპიდემიური ანალიზი, რომ შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. 2415 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს 26. 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული. გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი, ასევე მობილიზებულია ბავშვთა საწოლები.

გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ დამატებით ხდება სასტუმროების მობილიზებაც. დღეს დაემატა 2 სასტუმრო და მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან იმისთვის, რომ კიდევ დაემატოს, რადგან სრულიად გაუმართლებელია მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და არც ჰოსპიტალური სექტორი იძლევა ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა გაბუნიამ.