ქარტია: ვგმობთ კალაძის განცხადებას, მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ წაახალისონ მედიაზე თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას მედიასთან დაკავშირებით, გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წაახალისონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ​ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს და საქმიანი ურთიერთობების რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

“2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს, კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.