საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, პანდემიის დამარცხების გზაზე მთავარია ვაქცინაცია. ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა.

„მთავარია, ყველანი წავიდეთ და ავიცრათ, ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა და კიდევ იქნება ვაქცინები, რომ დღეს თავისუფლად აიცრას 15- 20 ათასი ადამიანი. ამ კვირაში უკვე ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას და აცრის გაკეთება შესაძლებელი ექნება ყველას კოვიდის გადატანიდან 30 დღეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.