ვფიქრობთ, რომ 2-3 კვირაში პაციენტების რაოდენობა მოიმატებს – წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით საავადმყოფოში 2-3 კვირაში პაციენტების რაოდენობა მოიმატებს და მეოთხე ტალღის პიკი ჯერ წინ არის.

მისივე თქმით, წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია, რადგან ამ ასაკში დაავადების გართულების რისკი არის მაღალი.

,,რაც შეეხება „დელტა” ვარიანს, რაიმე განსხვავებული სიმპტომის პოვნა რთულია. ამიტომ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ნიშნებზე, რომლებიც ზოგადად კორონავირუსს ახასიათებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში გრიპის და გრიპის მაგვარი მწვავე რესპირაციული დაავადებების სეზონი არ არის, ყველა ის დაავადება რომელიც ბავშვებში მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით, ხველით, ყელის ტკივილით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით, მუცლის ტკივილით, ღებინებით ან გამონაყარით უნდა შეფასდეს როგორც საეჭვო კორონავირუსზე და აუცილებელია ამ ბავშვების კონსულტირება ექიმის მიერ.

წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც საეჭვო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვს ოჯახში და ამ ბავშვს რომელიმე ერთ-ერთი გამოხატულება აქვს კორონავირუსის, არა მხოლოდ ექიმთან, არამედ სტაციონარში უნდა იყოს მიმართული. წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია, რადგან ამ ასაკში გართულების რისკი არის მაღალი,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.