კუჭავა ჟურნალისტებს – პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის მოგეცემათ, აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები – თქვენი ქმედებით დარბაზში არავის მივცეთ დესტრუქციისა და  ჩაშლის საშუალება

პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ, მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს, რომლებმაც ბანერი გადმოფინეს, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები“.

მისი თქმით, პარლამენტი ნებისმიერი ფორმატით ბოლომდე გააკონტროლებს, რათა 5 ივლისს მონაწილე ყველა მოძალადე დაისაჯოს.

„ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც. მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს და იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა. არსებობს ვიდეოკადრები, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ვახორციელოთ ისე, როგორც ხდებოდა მანამდეც. ამასთან, დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება, მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება, დაუბრუნდეთ საქმეს, პროტესტის უფლება გაქვთ, რომელიც განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება სხდომას, გაგრძელდეს შესაბამისი წესითა და რეგლამენტით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.