ივანე ჩხაიძე – მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც – ყოველდღიურად 150-200 ბავშვი ინფიცირდება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით.

ჩხაიძის თქმით, ბავშვებში დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

„მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია!”- აცხადებს ჩხაიძე.

მისივე თქმით, თუ ზამთარში ინფიცირების მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელს გაუტოლდება,  ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დადგება.

“არც ერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის შექმნილი არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და სრულიად წარმოუდგენელ ციფრს თუ გავიხსენებთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გვექნება. დღეისთვის 1400 საწოლია თავისუფალი. უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში საწოლები პაციენტებისთვის მოიძებნება“, – განაცხადა ჩხაიძემ „კვირას” პრესკლუბში.