კახა კუჭავა – არასწორი ინფორმაციაა, თითქოს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა. შეეძლოთ, მოემართათ, ახალი არ არის, როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტთან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

​კახა კუჭავას თქმით, პრესკონფერენციას ნებისმიერი ჩაატარებს, თუ ამის სურვილი ექნება.

„ზოგადად, მოქმედებს წესი, რომელიც არ არის ახალი და არ ხდება მხოლოდ დღეს ან გუშინ, როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას. აუცილებელია, უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. ამის სამწუხარო პრეცედენტი ჩვენ გვქონდა, მათ შორის, უშუალოდ დეპუტატების მონაწილეობით. ამიტომ, არავის კონკრეტულად შეზღუდვა არ ჰქონია, შეიზღუდა ვიზიტორების შემოსვლა, როგორც ხდება ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის მსვლელობის დროს. არაფერი ახალი ამაში არ არის. ეს შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული მცდელობა და გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, ვახტანგ გომელაურის მოსმენა.

მისთვის კითხვების დასმა მათ არ სურდათ, უნდოდათ, სხდომა ჩაეშალათ, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამას ხალხიც ხედავს. როდესაც იქნება მსგავსი შემთხვევა, ყოველთვის მზად ვარ, ინდივიდუალურადაც განვიხილო და ნებისმიერს მიეცეს საშუალება, საპარლამენტო ფორმატი გამოიყენოს, თუ შესაბამისი წესრიგი იქნება. არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ერთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩამოთვალეთ და ნამდვილად მივესალმები ნინო წილოსანის შემოთავაზებას, განხილული იქნას ეს საკითხი და შემდეგ გაკეთდეს განცხადებებიც, დაგმობაც და ასე შემდეგ – ყველაფერი, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.