ოპოზიციამ სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესებში სათანადოდ არ ჩაერთვენ – თალაკვაძე

საპარლამენტო ოპოზიციამ სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესებში სათანადოდ არ ჩაერთვენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე თავი აარიდეს ფართო კონსენსუსის გზით ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას.

„ჩვენ ოპოზიციონერების განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, რომ კანდიდატები არიან კვალიფიციურები, გამოცდილება აქვთ, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მხარს არ დაუჭერენ მათ. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.