კახა კალაძე – ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“

ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას.

„თქვენ იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, რეკრეაცია, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს.  ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“. მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.