ანრი ოხანაშვილი – პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით

პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, სამწუხაროდ, საბოტაჟის რეჟიმს იყვნენ აყოლილი. შესაბამისად, მათ იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება და უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და ისინი დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას, ჩვენ უკვე განვახორციელეთ ცვლილება, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე, მიეცეთ შესაძლებლობა, ამ პოლიტიკური ცხოვრების გათვალისწინებით და პარლამენტში ჩართულობისა და მათი ამომრჩევლის ნების ინტერესის გამოხატვის შესაბამისად გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. ეს მათი ნებაა. თუ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მიმართავენ განცხადებით, რომ მათ მიეცეთ დაფინანსება და განაცდური, კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.