პრემიერი ჟურნალისტს – თქვენ ფინანსდებით კრიმინალი კეზერაშვილის მიერ, თქვენ ხართ „ნაცმოძრაობის“ წევრი – ადგილს აფუჭებთ, პარლამენტში მინდა გიხილოთ, იმიტომ, რომ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი

სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, როდის აიღებდა ის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას და მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებდა.

პრემიერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა, მას პარტიული აქტივისტი უწოდა.

„თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კრიმინალი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი, „ნაცმოძრაობის“ წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდება ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ მძარცველი ტელევიზია. თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა, ეს არის აგრესია. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“, უშუალოდ თქვენ. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა გიხილოთ, იმიტომ, რომ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი,“- მიმართა პრემიერმა „ფორმულას ჟურნალისტს.