ნინო ლომჯარია პრემიერის შვილების კადრებზე – მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის არასრულწოვანი შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ფაქტს ემიჯნება.

მისივე განცხადებით, მედიასაშუალებებმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით უნდა იმოქმედონ.

„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრის შვილებისგან ინტერვიუს აღებას ცდილობს.