არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია: პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლისა და მუქარის შესახებ ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული

„პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლის, მუქარისა და თვალთვალის ფაქტების არ არის დადასტურებული მტკიცებულებით“, – ვკითხულობთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ანგარიშში მითითებულია სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 14, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში – 25 შემთხვევა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას რაიმე პოლიტიკური სარჩული შეიძლებოდა ჰქონოდა. ანგარიშებში, აგრეთვე, მიმოხილულია სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და თვალთვალის ფაქტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ეს ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკური პარტიებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ესაუბრათ ზეწოლასა და მუქარაზე მათი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა.