გრიგოლია ღარიბაშვილის განცხადებაზე: თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოყავთ ქუჩაში, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა?

“თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია,”- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრემიერ-მინისიტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი ბოლო დღეებში ჩატარებული აქციების შედეგია.

ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი ღონისძიებებიც შეახსენა.

“ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა?,”- განაცხადა გრიგოლიამ.

მანვე ღარიბაშვილს მოუწოდა, მსგავსი განცხადებების გაკეთების ნაცვლად “ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.”

ბატონო ირაკლი, ამ განცხადებებს ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის აქციებს უკავშირდება ინფიცირებულძთა რაოდენობის ზრდა”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.