ინფიცირებულთათვის მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია – დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია – თამარ გაბუნია

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ დღეს დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საწოლების მობილიზება ინტენსიურად გრძელდება.

„6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია ყოველდღიურად გრძელდება. ამ კვირაში, ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ჩანს, რომ ამის საჭიროება იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში, სულ მცირე, 1500 საწოლი დაემატოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.