თამარ გაბუნია – გარკვეული გაუგებრობა იყო, როცა ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი თავად შეეძინა – ეს ჩვენთვის მიუღებელია და საკითხს ცალკე შევისწავლით

„დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება, საბედნიეროდ, შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავაც მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მძიმე და შედარებით გახანგრძლივებულ მიმდინარეობასაც აღწერენ კლინიცისტები „დელტა“ შტამის ცირკულაციასთან დაკავშირებით”, – ამის შეასხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ხარჯს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.

„რაც შეეხება სამკურნალო მედიკამენტებს, სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ეს იქნება ბინაზე, კოვიდსასტუმროში, თუ ჰოსპიტალში. ბოლო პერიოდში იყო დიდი აქცენტი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდებული მედიკამენტია. საქართველოს გაიდლაინშიც არის ეს მედიკამენტი უკვე შეტანილი ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან და ამ მედიკამენტების გამოყენება სპეციალური ჩვენებით ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეს არის ნაჩვენები.

რაც შეეხება მის ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას გამონაკლისის გარეშე, პროგრამა ფარავს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ანაზღაურებას. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობა იყო იმასთან დაკავშირებით, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა შეეძინა მედიკამენტი თავად, პირადი ფინანსური უზრუნველყოფით. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულად მიუღებელია, ამ საკითხებს ცალკე, ბუნებრივია, შევისწავლით. კლინიკებთან გვქონდა ამაზე სპეციალური შეხვედრა, წერილობითაც ინსტრუქცია გაცემულია, „ტოცილიზუმაბი“ გამონაკლისი არ არის სიაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მისი დაფინანსება ხდება ფაქტიური ხარჯის საფუძველზე. ყველა მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ძვირადღირებულია, ამიტომ ამ შემთხვევაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.