ამირან გამყრელიძე – ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია

“ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი – დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ვაქცინები,”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა,ამირან გამყრელიძემ ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი გაუარესებულია.

„მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა. სულ ქვეყანაში კი 25 844 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4.% -ია. ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს,’- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.