კახა კალაძე – ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრულად აღდგენა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდთან დაკავშირებით სამუშაოები აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის სრულად აღდგენა.

მისივე თქმით, 24- საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა.

„ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა. ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24 -საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის აღდგენა უკვე ორმხრივ რეჟიმში ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოება მაქსიმალურად ყველანაირად იქნება დაცული, ადამიანებს თავისუფლებად ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა,“- განაცხადა კალაძემ.