კალაძე – მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა.

„ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა.

იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე, გულშემატკივრობს ქალაქის განვითარებას, წინსვლას, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ აგრესიას და ძალადობას, აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ. ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს  და ქალაქის, მოქალაქეებისადმი  პატივისცემას  და  სიყვარულს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.