კახა კალაძე: ძალიან მალე დავინახავთ, რისი შესაძლებლობა და საშუალება ექნება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე

ყველა ძალიან მალე დავინახავთ, რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტრი პარტიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გააკეთა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ვერ ჩაითვლება სრულად, რადგან მას ხელს კონკრეტული პარტიები არ აწერდნენ.

„ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. შესაბამისად, ყველა ძალიან მალე დავინახავთ, თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება „ქართულ ოცნებას“ და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საუბარია არა მხოლოდ თბილისზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ძალიან ვრცელი განმარტება გაკეთდა.

შეთანხმება, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები ხელს არ აწერენ, ცხადია, ეს შეთანხმებად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა კალაძემ.