უკიდურესი ცინიზმია და კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა დასავლეთთან – ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი – თინა ბოკუჩავა

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ამაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დეზავუირება მოახდინა იმ საერთაშორისო შეთანხმების, რომელიც ავალდებულებდა, რომ ხმათა 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს „ქართული ოცნება“, ეს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში და ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი.

რაღაცით ხომ თავი უნდა გაიმართლოს „ქართულმა ოცნებამ“, აბა, იმას ხომ არ იტყვის, გუშინწინ ამოვიდა კვლევები, სადაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროცენტიო და გვეშინია ვადამდელი არჩევნებისო? თავს ამით გაიმართლებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – 43 პროცენტი „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებამ  თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.