ფერი ფერსო და მადლო ღმერთსო, ასეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე – ალეკო ელისაშვილი

ფერი ფერსო და მადლო ღმერთსო, ასეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე, შინაარსით ზუსტად ერთნაირები არიან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, აღელვებული ელოდება, რა განცხადებას გაავრცელებენ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ევროკავშირი და თავად შარლ მიშელი.

„თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება. „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში და დოკუმენტს ხელს არ აწერდა. მათი მხრიდან ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა. გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი, თავი მოჭრა. „ქართულის ოცნების“ საქციელი არის სილის გაწნა ევროკავშირისთვის, შარლ მიშელისთვის, დასავლეთისთვის, რომელთაც უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი განცხადებები ვნახეთ, თუმცა, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება, რას იტყვიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.