გია ვოლსკი – არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი პარტია – ჩვენს პოზიციას პარტნიორებს გავუზიარებთ

„მსურს, შევუერთდეთ იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გარშემო შეკრებილმა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც შეთანხმებას მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე პარტია, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტის ანულირება სწორი პოზიციაა. ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ პოზიციას გაუზიარებენ.

„მათი მიზანია, სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო, ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.