მიხეილ სააკაშვილი – ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ

სახალხო რეფერენდუმი მაინც უნდა ჩავატაროთ – ჩემს ვალდებულებას კი, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, ოქტომბრის რეფერენდუმზე მარცხი აღიარა.

„გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.

ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე მას შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მოპარა საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში და აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე არჩევნები. როდესაც დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას აღარ გააჩნია.

ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ამჯერად ვერ ეღირსება ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია! ახლა საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმება, მენდეთ, ბოლომე ვიბრძოლებ, არასდროს გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ჩვენ ყევლაფერი გამოგვივა. დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო არ აქვს. წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელი. ღმერთი იყოს თითოეული ქართული ოჯახის და საქართველოს მფარველი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.