არავინ არ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება,  გავალთ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ – ნიკა მელია

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ „ქართული ოცნება“, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს და აი, უკვე გუშინვე, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ ბარდება წარსულს და შეშინებულებმა, აცახცახებულებმა კარს მომდგარი დამარცხების წინაშე, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს.

არავინ არანაირი სიტყვა არ უნდა დაძრას არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში, ეს არის ცხადზე უცხადესი. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ, რაშია საქმე, რწმენაშია საქმე? და სად არის რწმენა? რწმენაც აქ არის, თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდადნ შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გვაქვს უფლება, ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვლება ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“, მიუხედავად მათი მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, ვერ განახორციელებს, რადგან ამაყი, ღირსეული ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, მეასე ხარისხოვანია რომელიმე პარტია, დღეს ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე.

ძალიან ცხადად დაინახა „ქართულმა ოცნებამ“, იმაზე ცხადად, ვიდრე მავანს ეგონა, მკაფიოდ და ნათლად, რომ იგი მარცხდება ამ არჩევნებში, მისი გენერალური მდივანი თბილისში ვერც კი უახლოვდება დაწესებულ 43%-იან ბარიერს, მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, ის იძულებული იქნება, რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მას ნაკლებად ვკითხავთ რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ჩანიშნავს თუ არა ვადამდელ არჩევნებს, რადგან ამ არჩევნებს დანიშნავს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.