პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ „ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  „ქართული ოცნების “ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა.

„პარტია „ხალხისთვის“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება არის მმართველი გუნდის სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება და ქვეყნის იზოლაციონალიზმისკენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს არის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ სვლა.

მმართველი გუნდი კვლავ ცდილობს მარტო დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ გზით მოიგოს არჩევნები – ეს ტაქტიკა რჩება ქვეყანაში მთავარ საარჩევნო სტრატეგიად. “ქართული ოცნება” ამ გზით კვლავ გადის სახალხო პოლიტიკის საკითხებიდან და უბრუნდება მხოლოდ სიძულვილის, შუღლის და დაპირისპირების თემას. ის საკითხები კი რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი ნორმალური კამპანიის დროს – დასაქმება, გაზრდილი ფასები, სასამართლო, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, თვითმმართველობის რეფორმა, ისევ ამოვარდნილია დღის წესრიგიდან -ხალხის საჭიროებები ისევ გვერდზე დარჩება.

მეორე – ეს არის ნაბიჯი იზოლაციონალიზმისკენ და ავტორიტარიზმისკენ. „ქართული ოცნება“ გავიდა შეთანხმებიდან, რადგან სურს მარტო დარჩეს საერთაშორისო პარტნიორებისგან. საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო, ევროსაბჭო თუ ევროკავშირი ეს არის მაკონტროლებელი ბერკეტი. როდესაც ამბობენ, რომ ყველაფერი დარჩება კონსტიტუციურ ჩარჩოში, ვინ იქნება ჩვენი უფლებების დაცვის გარანტი? ფაქტია, ჩვენ არ გვყავს არც სასამართლო და პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო.

და მესამე – რა არჩევანი დაგვრჩენია? ჩვენ არ გვაინტერესებს ის სიძულვილი, შუღლი, დაპირისპირება და სულიერი დაბინძურება, რომლის პროპაგანდასაც ეწევიან დღეს. ამიტომ, პარტია „ხალხისთვის“ თანამოაზრეებთან ერთად, რჩება არჩეული დღის წესრიგის ერთგული. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის – უნდა მივხედოთ ეკონომიკას, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ინვესტიციები, მივხედოთ განათლებას, რომელიც, ფაქტობრივად, აღარა გვაქვს და ერთად უნდა დავდგეთ ფეხზე.

ადრე თუ გვიან, „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძალაუფლება, რომელიც სიძულვილს კი არ მოემსახურება, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password