სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის – დავით ბაქრაძე

სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის – ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ გვაქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესისთვის მზად არის ქვეყანა შეიყვანოს დაძაბულობის და არასტაბილურობის სპირალში.

„გუშინდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესისთვის მზად არის ქვეყანა შეიყვანოს დაძაბულობის და არასტაბილურობის სპირალში, მზად არის ქვეყანას მოუტანოს დამატებითი პრობლემები და ეს ყველაფერი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. გუშინდელი გადაწყვეტილებით ყველა ერთად კიდევ ერთხელ შევედით ბეწვის ხიდზე, საიდანაც ქვეყანა შეიძლება გადაიჩეხოს, გადაიჩეხოს დაპირისპირების, პოლარიზაციის და ძალადობის უფსკრულში, საიდანაც ამოსვლის შანსი შექმნა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებამ და გუშინ ეს შანსი „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია,” – განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ამ ბრძოლაში დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სწორედ ოპოზიცია არის მათი სანდო პარტნიორი, მეგობარი საქართველოში.

მე ვიზიარებ ამ პოზიციას და ვუერთდები ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობის ერთობას, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა გაგრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც. ასევე, გამოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და უმძიმესი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ ბრძოლაში დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სწორედ ოპოზიცია არის მათი სანდო პარტნიორი, მეგობარი საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც დგას ოპოზიცია. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ზოლი. ამ ზოლის ერთ მხარეს დგას ხელისუფლება რუსული მომავლის საფრთხით და მეორე მხარეს დგას ოპოზიცია, დასავლეთი და ქართული საზოგადოება, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებაც არის აბსოლუტურად ცალსახა. ემოციით მე ისევ იგივე აზრზე ვარ, რომ სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში წაგების უფლება ჩვენ აღარ გვაქვს. ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ სად იქნება საქართველო – რუსეთში თუ დასავლურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ გვაქვს და ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვრჩები დანარჩენ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუნდთან ერთად,  19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password