ევროპარლამენტარები – გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვართ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მოვუწოდებთ მათ, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იმუშაონ ერთად

ჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, 19 აპრილის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების: მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები და ამიტომ მიაღწია თავის საზღვრებს, მათ მიაჩნიათ, რომ იგი ხაზს უსვამს იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში – არა მხოლოდ ეპიზოდურად“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ წარუმატებლობაზე, აგრეთვე აფასებენ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელება სიტყვით და არსით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის წარუმატებლობით ისარგებლებს მხოლოდ ის, ვინც ეწინააღმდეგება მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – ნათქვამია განცხადებაში.