თუ ადამიანს რეაქცია აქვს „ფაიზერზე“, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან „ასტრაზენეკა” და პრიქით – საუბარია მხოლოდ ანაფილაქსიურ შოკზე – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ – იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით,  თუ პირველ ვაქცინაციაზე ადამიანს გვერდითი რეაქცია განუვითარდება, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება.

როგორც კულუმბეგოვი აზუსტებს, ვაქცინის ჩანაცვლების დროს საუბარია  ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში ვაქცინა არ ნაცვლდება

„ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა, მაგალითად, თუ რეაქცია არის „ფაიზერზე“, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან „ასტრაზენეკა“, თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“. საუბარია მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარებაზე – ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. ჩვენთან არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე, აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე იყო 2-3 შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს, მკურნალ ექიმს და დაწესებულებებს უშუალოდ გადავუგზავნით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.