გაიყვანეთ ეს „ბორდი” თუ „ბორდელი”, აღადგინეთ სამართლიანობა – მწერალთა ეროვნული აკადემია წულუკიანს მიმართავს

გაიყვანეთ ეს „ბორდი” თუ „ბორდელი” აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!- ასე მიმართავს მწერალთა ეროვნული აკადემია კულტურის მინისტრს. თეა წულუკიანს.

მწერალთა ეროვნული აკადემია „ქართულ ოცნებას” მოუწოებს აღადგინოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსება და უფლებები, და მოახდინოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია.

„ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? _ სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები…[…]

რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში “ეშმაკებს დაადგმევინა კარვები”, მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!.. ცხრა წელიწადი ვერც “ქართულმა ოცნებამ” მოაცვლევინა ამათ ფეხი. […]

მწერალთა სახლშიც ესენი ჩაბუდდნენ და ცოცხალი თავით არ უშვებენ მწერლებს, მემორიალურ ბაღშიც კი ვერ შეხვალ, თუ ამ აწ უკვე სასტუმრო-სარესტორნო ბაღად ქცეული სახლის დირექტორმა, ვინმე უწიგნურმა ლომოურის ქალმა არ მოგცა ნებართვა-საშვი.
ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი… […]

და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია!

გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!

მართლაც სამწერლო, ისტორიულ-მემორიალური სახლი, სადაც მწერლებს შეკრება უხაროდათ, სიამოვნებდათ ბიბლოითეკასა თუ ბაღში ჯდომა, არქივებში ძიება… ამათ ეს ისტორიული შენობა და გარემო მართლაც „ბარდაკად“, რესტორნად და სასტუმროად აქციეს… გაანადგურეს ბიბლიოთეკა, არქივი და სხვა მრავალი…”, – წერია წერილში.

წერილის ავტორები მინისტრისგან კატეგორიულად  ითხოვენ, რომ  გაუქმდეს მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები.

“ქართულმა ოცნებამ უნდა შეძლოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსების და უფლების აღდგენა, ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია…

კატეგორიულად მოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)! დაუბრუნეთ ოფისები ქუჩაში დარჩენილ აკადემიას და კავშირს”, – წერია წერილში.

მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით მას ხელს აწერენ:
კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.