სამხედრო ქალაქში გმირთა მემორიალი გაიხსნა

ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქის სკვერში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გმირთა მემორიალი სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების ძალისხმევით, თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაკეთდა.

„სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედროები სამსახურის შემდეგ და თავისუფალ დროს მემორიალისა და მის გარშემო სკვერის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე თვითონ მუშაობდნენ, რათა სიმბოლურად 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თანამებრძოლებისა და მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაეხსნათ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მემორიალის გახსნის ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.