“დონალდ ტრამპი რუსეთს არ დაუწვება!”

ამირან სალუქვაძე 

ბრიგადის გენერალი

ჩემი აზრით, ტრამპი-კანდიდატი და ტრამპი-პრეზიდენტი სხვადასხვა იქნება. აბა მოუსმინეთ მის სამადლობელ სიტყვას გამარჯვების შემდეგ, – დაბალანსებული, გაწონასწორებული, მთელი ნაციის ლიდერი… ამერიკის ტრადიციების თანახმად, განაცხადა, რომ ის იქნება იმ ხალხის პრეზიდენტიც, რომლებმაც ხმა ქლინთონს მისცეს.

ამერიკის ახალ პრეზიდენტს 2,5 თვე ექნება ინაუგურაციამდე. ამ პერიოდში მას ამზადებენ პრეზიდენტობისთვის. ეს ტრადიციები და რიტუალები იდეალურადაა გაწერილი და დროში გამოცდილი. ყველაფერი იწყება თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენტთან სტუმრობით, რომელიც მას გაარკვევს ნიუანსებში და მიმდინარე ვითარებაში. შემდეგ მას ექნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტთან, საფინანსო-ეკონომიკურ ბლოკთან, თავდაცვის უწყებასთან, სპეცსამსახურებთან. მას ასწავლიან ბირთვული ჩემოდნის გამოყენებასაც და მთელ რიგ სხვა საკითხებსაც. ასე, რომ ამ პერიოდში მას ბევრ საკითხზე შეეცვლება წარმოდგენა და რევოლუციურ ცვლილებებს ვერ მოახდენს. მით უმეტეს, რომ ამერიკის სახელმწიფო მანქანა გამართულად მუშაობს გრძელვადიანი სტრატეგიების შესაბამისად და როგორც წესი, პრეზიდენტების ცვლილებით სერიოზულ ცვლილებებს არ განიცდიან. რა თქმა უნდა, ახალი პრეზიდენტი მოდის რამდენიმე ათასკაციანი გუნდით, თუმცა მათ სერიოზული რყევები არც შიდა, არც საგარეო პოლიტიკაში შეაქვთ.

ევროპის და ნატოს ლიდერებიც გაურკვევლობაში არიან, თუმცა ბევრი მათგანი უფრო ადრე გაკეთებული უტაქტო განცხადებების გამო ნერვიულობს, თვალებში შეხედვა გაუჭირდებათ.

ბარაქ ობამას რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ერაყიდან, დაპირებისამებრ, ჯარები გაეყვანა, თუმცა რეგიონიდან ამერიკა არ გასულა, რადგან ახლო აღმოსავლეთი, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეგიონი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესის ზონას წარმოადგენს.

ყირიმთან დაკავშირებითაც ტრამპს არ უთქვამს, რომ აღიარებს – მან თქვა, რომ განიხილავს. განხილვას წინ რა უდგას?! რუსეთის მთავარი ინტერესი ტრამპთან მოლაპარაკებებში იქნება სანქციების მოხსნა ან შემსუბუქება და ამერიკის მიერ რუსეთის ინტერესთა ზონების აღიარება. ეს კი ასე მარტივად და ვაჭრობის გარეშე არ მოხდება. ტრამპი მაღალი დონის ბიზნესმენია, შესაბამისად, მომლაპარაკებელია. ასე, რომ არა მგონია, ინაუგურაციის შემდეგ ჩვენ დაწოლილი ტრამპი ვიხილოთ – ანუ ის რუსეთს არ დაუწვება. პირიქით, მოლაპარაკებების ხელოვნება მოითხოვს, რომ იქეთ მიაწვე და აქეთ მეტი დაგრჩეს. არ გამოვრიცხავ რუსეთთან ურთიერთობის დათბობას. არც არის მსოფლიოს სიმშვიდისთვის კარგი დაძაბულობების არსებობა დიდ სახელმწიფოებს შორის. სხვა საკითხია, ვინ რას დათმობს დასათბობად.

იგივე ჭრილში იქნება განხილული ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივა. ნატოს ევროპული ნაწილი უკან წაიღებს ამ პროექტს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე? მაშინ რუსეთი უნდა შესუსტდეს შავ ზღვაზე. აბა სხვაგვარად, ანუ ბალანსის გარეშე როგორ იქნება?!

დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკის ძირეულ მიმართულებებს, ასევე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორების საკითხებს რესპუბლიკურ პარტიასთან შეთანხმების გარეშე ვერ გადაწყვეტს. ამჟამად იშვიათი სიტუაციაა, როცა ფაქტობრივად, მთელ სახელისუფლებო შტოებს, კერძოდ კონგრესის ორივე პალატას, ანუ წარმომადგენელთა პალატას და სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, უზენაეს სასამართლოსაც, რომლის შემადგენლობას პრეზიდენტი ნიშნავს, იგი კონგრესთან ათანხმებს. რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და პარტნიორებთან დაკავშირებით ვიცით. შესაბამისად, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიყოთ. საჭიროა აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება და ყველა რესურსის (დიპლომატია, თავდაცვა, დაზვერვა) გამოყენება, რათა ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული.

კომენტარის დატოვება