ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დამატებით 35 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, – ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი განმარტებით, დახმარების მიზანია ხელი შეუწყოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდებასა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში.

„ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე,“- ნათქვამია ევროპული კომისიის პრესრელიზში.

ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება იყო.

„ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ სერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას,“- აღნიშნულია პრესრელიზში.

„ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე,“- განაცხადა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ.