ბავშვებში ინფიცირება მომატებულია, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს – ტიკარაძე

თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია.

“რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები. დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

ამასთან,  როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება.

„ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა, ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“,-აღნიშნავს ტიკარაძე.