ლაშა ბექაური – მადლობა სპორტსმენების დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს

მადლობა სპორტსმენების დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ სპორტსმენმა, ლაშა ბექაურმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

ლაშა ბექაურის თქმით, ოლიმპიური მედლის ყველა მფლობელისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ძალიან სასიხარულოა.

„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ აფასებენ სპორტსმენებს. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს.

ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, რადგან ოლიმპიადა იყო, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები 1 000 000 ლარს მიიღებენ.  ვერცხლის მედალოსნები  500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი, 250 000 ლარი იქნება.