ე.წ. “ელიტური კორუფციის” კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ენმ-მ შემოიტანა და “ოცნებაც” ხარბად ეწაფება დღეს…

არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

-“ერთი რამ უნდა ამოვხსნათ კიდევ, ქცევა, რომელიც “ძველ მთავრობებსაც” და “ამჟამინდელებსაც” აეღტიანებს. ზოგიერთ მინისტრს რომ ეკითხებიან, სხვა სამინისტროში უნდა გადაგიყვანონო, პასუხობენ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მთავრობაში ვრჩებიო.

თქვე კაი ხალხო, ან კომპეტენციის, ან ინტერესის, ან თვითრეალიზაციის მოტივის შესახებ არ გსმენიათ რამე? როგორ შეიძლება თანაბრად მიმზიდველი იყოს შსს-ს და განათლების მინისტრობა, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობა ან რომელიმე სხვა… ან თავი რატომ გგონიათ ასეთი უნივერსალურები, ან როგორ არ გაგაჩნიათ რამე შინაგანი დაინტერესება, რომ ყველა სფერო ერთი არ იყოს თქვენთვის ან თვითრეალიზაციას როგორ უნდა ხედავდეთ თანაბრად ნებისმიერი მიმართულებით? ან მორჩით თვალთმაქცობას და პირდაპირ თქვით, რომ არც თავისუფლება გაქვთ ზოგს, არც შინაარსი, არც ინტერესები და არც კვალიფიკაცია – მთავარია თანამდებობა გქონდეთ…

ან იმაზე რატომ არავინ ვსაუბრობთ, რა “ხიბლია” ხშირად მაჟორიტარობაში და რა შედეგები მოჰყვება მას ? ან თუ ვიცით, რამდენი ათასი იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელსაც შემდეგ ამოღება უნდა და ასე ჩნდება ე.წ. “ელიტური კორუფციის” კიდევ ერთ-ერთი სახეობა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიტანა და “ქართული ოცნებაც” ხარბად ეწაფება დღეს… ასე ვიგებთ, როგორ იმარჯვებს ზოგიერთი პარლამენტარის კომპანიები მრავალმილიონიან ტენდერებში ან მათი ახლობლების ან მათი მოკავშირეების…

ან იმას რატომ არ ვკითხულობთ, პრემიერსაც და მმართველ ძალას მთლიანობაში რატომ არ აქვს ინტერესი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებისა?

ან შრომის ინსპექცია რატომ არ შემოაქვს ხელისუფლებას და დაქირავებულების უფლებების დაცვაზე რატომ არაა ორიენტირებული?

პასუხები მარტივია, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” , ისევე როგორც ადრე “ნაციონალურ მოძრაობას”, ურჩევნია “თბილი” ურთიერთობები მსხვილ ბიზნესმენებთან ჰქონდეს, ვიდრე მოქალაქეებზე იზრუნოს… მოტივი მარტივადაა გასაგები, სწორედ მათი გამოყენებით იფინანსებენ წინასაარჩევნო კამპანიებს, იქმნიან და იცავენ საკუთარ ბიზნეს ინტერესებს და ა.შ.

ამ ყველაფრის ფონზე კი ჩემთვის ცინიკურად მოჩანს პრემიერის სადღეგრძელოები იმის შესახებ, რომ მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, ბევრი მედავებით ხოლმე, მაგრამ მალე ნახავთ, რომ პრემიერის სახით, როგორც ყველაზე დიდი ძალაუფალის სახით, ჩვეულებრივი ყალბი, თუმცა ძალიან დახვეწილი დიპლომატია წარმოდგენილი, შემდგარი პიროვნებით, თავდაჯერებულობით, პატივსაცემობით… დიახ, ასეთ ადამიანებს პატივს ვცემ მეც, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ მათ საშიშროებასაც…

უამრავი თემაა, შეკითხვა და პასუხი გასაანალიზებელი, ჩვენ კი გადავყევით მართლაც ნაცარქექიობას თუ კომბლეობას, ვის რამდენი ცხვარი ჰყავს თუ ძროხა… ამასობაში “ყურადღების გადატანით” თითოეული მოქალაქის უფლება დღითიდღე ილახება და დღითიდღე იქმნება ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული კლანები, რომლებსაც საერთო ჯამში ყველა დანარჩენი ვემსახურებით.

კომენტარის დატოვება