ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა იწყება, რეაბილიტირდება თეთნულდი, ლაღამი გახდება ახალი ტურისტული ცენტრი – პრემიერი

მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დეპუტატები – სოზარ სუბარი, გოჩა ენუქიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა უხუცესებთან შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ადგილობრივებს მათ უმოკლეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა.

ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და ასევე მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემებიც, რასაც ჯამში 5 მილიონი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და იგეგმება მისი სრულად გამოცვლა.