თავდაცვის მინისტრი – ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არა ესა თუ ის დაფინანსება – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია

თავდაცვის მინისტრი – ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არა ესა თუ ის დაფინანსება – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია.

„თუ გიკითხავთ თქვენ 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან? იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება. რა თქმა უნდა, როცა არის სესხზე საუბარი. ჩვენ 2012 წლიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ, ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. აბა, რით კეთდება ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ? რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ?! ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ამისგან ტრაგედიას!“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.