სუს-მა Covid 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთების დამზადებისთვის 7 პირი დააკავა (ციდეო)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.