სარფში 31 613 ლარის, ხოლო ქუთაისის აეროპორტში 28 984 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი” დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები – საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს.

მათი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.