საქართველოს საგარეო პოლიტიკა თუ ამავე სვლით წავა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგა მეგობარი ქვეყნები, ვინც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ – სანდრო რაქვიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იგივე სვლით წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ ის მეგობარი ქვეყნები დაკარგა, ვინც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში სანდრო რაქვიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მიიღო.

„თუ გვინდა, ევროკავშირის მოკავშირე ვიყოთ, ელემენტარულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მათ შორის დემოკრატიისა და სასამართლოს სისტემის მიმართულებით. ფაქტია, რომ ასეთი ნაბიჯები ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკური საკითხია საარჩევნოდ პიარის მიმართულებით, იმედია, შეიცვლება. იმედი მაქვს იმის, რომ ამომრჩეველი ამ დესტრუქციულ ნაბიჯებს შეაფასებს და „ქართული ოცნება“ მათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იგივე სვლით წავა, ეს ნიშნავს, რომ დავკარგეთ მეგობარი და ის ქვეყნები, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

დეპუტატის მოსაზრებით, მას არ ჰგონია, რომ ახლო მომავალში სანქციები დაწესდება, მაგრამ თუ საგარეო მიმართულება არსებული ფორმით გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მოკავშირე ქვეყნები სანქციებს დააწესებს და გაუგებარი გახდება, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ თავი რუსეთისგან, თუ ევროკავშირი და ამერიკა გვერდზე არ დაუდგებიან.

„ძალიან საშიში ნაბიჯებია, შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ელექტორალურად მოიგებს, მაგრამ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.