ირაკლი ხმალაძე: ტყუილია, თითქოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმე კახა კალაძის მერობის პერიოდს უკავშირდება

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების ძიების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან, კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება.

მისივე განცხადებით, აღნიშნული სამი საქმიდან მხოლოდ ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომას.

„პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება – აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევასა და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე. სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

საქართველოს პროკურატურა თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2015-2020 წლების განმავლობაში მომზადებული 14 დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის 13 საქმეს იძიებს.