სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – ესაა ჩემი კომენტარი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. 19 აპრილს, ჩემი მოთხოვნით მოწვეულ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმ დღესვე რომ მიეღო, ოპოზიცია ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა დღეს“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.