გიორგი ვაშაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა აღიარა -ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ამ ქვეყანაში შესაცვლელია

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ის შეცდომა, რაც ადრე, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერით დაუშვა.

როგორც მან თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიცვალოს.

„დღეს ქვეყანა ორპოლუსიანი პოლიტიკის პირობებში ცხოვრობს. ამის ნათელი მაგალითი არის 19 აპრილის შეთანხმება. შეგახსენებთ, ჩვენ, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ინდივიდებმა, ვინც 19 აპრილის შეთანხმება გავხადეთ შესაძლებელი, ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზა. ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზა. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ რის ვაი ვაგლახით ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას და მერე გამოგვიცხადა, რომ ეს შეთანხმება დატოვა. გუშინ გავიგეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა აღიარა. დიახ, შეცდომა აღიარა, რომელიც მან დაუშვა მაშინ, როცა თავის დროზე შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. გავიხსენოთ რამხელა კრიტიკის, თავდასხმისა და ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლში იყვნენ ის ოპოზიციური ძალები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ამ ქვეყანაში შესაცვლელია, რომელმაც პერსპექტივა უნდა მოუტანოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სოფლებს, რაიონებს, ქალაქებს. ამისთვის ვამბობთ, რომ უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა.